USAID-ის და საქპატენტის ორგანიზებით საჯარო-კერძო დიალოგი „ონლაინ მეკობრეობის წინააღმდეგ პოლიტიკის ცვლილებები: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების ახალი მექანიზმი“ გაიმართა
22 ივლისი 2022 წ.
| |
ონლაინ მეკობრეობის
წინააღმდეგ პოლიტიკის ცვლილებების შემუშავების პროცესში, საკანონმდებლო სიახლეების
დანერგვისა და აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის
პროგრამები საქპატენტთან ერთად ახორციელებენ საჯარო-კერძო დიალოგის ღონისძიებათა სერიას.
ამჯერად, 21 ივლისს, თბილისში,
მორიგი დიალოგის სერია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც კერძო და საჯარო
სექტორების წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები. მხარეებმა
ერთობლივად განიხილეს კრეატიული ინდუსტრიების სექტორში არსებული გამოწვევები და ინტელექტუალური
საკუთრების უფლებების აღსრულების ახალი ე.წ. „შეტყობინება-აღების” (Notice-and-Takedown) მექანიზმის პროექტი.
საქართველოში მეკობრეობა
ბევრ სექტორშია გავრცელებული, მათ შორის: კინო და სერიალები, მუსიკა, ვიდეო თამაშები
და პროგრამული უზრუნველყოფა. მეკობრულად მოპოვებული შინაარსის თითქმის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა
უარყოფითად მოქმედებს კერძო სექტორის მრავალ აქტორზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცნობილმა
ქართველმა რეჟისორმა და პროდიუსერმა, ლევან კოღუაშვილმა პირადი გამოცდილება
გაუზიარა შეხვედრის მონაწილეებს: „საუბარია ახალ ფილმზე, რომელიც ჯერ გამოსული არ იყო
ეკრანებზე და გავრცელდა პირატულ საიტებზე, რამაც აზარალა ჩვენი ფილმი და ჩვენი კომპანია.
რაც უფრო აქტიური გახდება საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა, რომ
შემცირდეს ასეთი ფაქტები და იყოს ინსტრუმენტი, როდესაც სწრაფად იქნება შესაძლებელი
რეაგირება, ეს წაადგება ზოგადად ჩვენი დარგის განვითარებას, და თითოეულ კინორეჟისორსა
და კინომწარმოებელს.“ - აღნიშნა კოღუაშვილმა.
საუკეთესო საერთაშორისო
პრაქტიკის გათვალისწინებით, ახალი
მექანიზმი საავტორო უფლებისა თუ მომიჯნავე უფლების მფლობელს მისცემს შესაძლებლობას,
შუალედური მომსახურების მიმწოდებლისაგან (ISPs), დადგენილი წესით, წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, მოითხოვოს
იმ კონტრაფაქციულ ასლებზე წვდომის შეზღუდვა, რომელიც არღვევს მის საავტორო ან/და მომიჯნავე
უფლებას. კანონპროექტი დაადგენს ასევე შუალედური მომსახურების მიმწოდებლების
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლებს.როგორც, საქპატენტის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებლი მანანა ფრუიძე აღნიშნავს: „დღეს განსაკუთრებულ გამოწვევას
წარმოადგენს საქართველოში საავტორო უფლებების დაცვა ინტერნეტ-სივრცეში, რაც მნიშვნელოვნად
აზარალებს როგორც სექტორს, ისე ქვეყნის ეკონომიკას. ვფიქრობ, საერთაშორისო პარტნიორების,
კერძოდ კი, USAID-ის და ევროკავშირის პროგრამების მხარდაჭერით, ჩვენს მიერ შემუშავებული
ცვლილებების პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კერძო სამართლებრივი გზით უფლებების
აღსრულების ეფექტიანი მექანიზმის შემოღებას.’’
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საერთაშორისო
ექსპერტის იოანის კიკისის შეფასებით: „ახალი მექანიზმი
სრულად შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
ეს არის ე.წ. რბილი მიდგომა, მარტივი პროცედურებით, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს
პრაქტიკაში როგორც ევროპის ქვეყნებში, მაგ., უნგრეთის საავტორო უფლებების შესახებ კანონი,
ასევე, აშშ-ში, მაგ., ამერიკის შეერთებული შტატების საავტორო უფლებების შესახებ კანონი.’’ ამ მხრივ, საყურადღებოა,
ასევე შუალედური მომსახურების მიმწოდებლების (ISPs) პოზიცია, რომლებიც მთავარი აქტორები იქნებიან ახალი რეგულაციის
აღსრულების პროცესში. საქართველოს მცირე და საშუალო
სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) თავმჯდომარის უჩა სეთურის აზრით: „წარმოდგენილი ცვლილებებით მოხდება
არსებული, "საბჭოთა" სისტემის და მიდგომის ჩანაცვლება ევროპული,
დემოკრატიული და თანამედროვე სამართლებრივი სისტემით, რომელიც მოქნილია და
მინიმალური დანახარჯებით და მინიმალურ დროში ქმნის დარღვეული უფლებების აღდგენის და
დაცვის შესაძლებლობას.“
საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის
აღმასრულებელი დირექტორის ზურაბ ბეჟაშვილის თქმით: „ქვეყანას
აქვს დიდი ინტელექტუალური პოტენციალი, რაც მნიშვნელოვნად ფერხდება, საავტორო უფლებების
სისტემური დარღვევების გამო. არსებული ცვლილებები მნიშვნელოვნად გაზრდის საავტორო უფლებების
დაცვის დონეს ქვეყანაში და უფლებისმფლობელებს უკვე ექნებათ მექანიზმი სწრაფად და ეფექტურად
დაიცვან საკუთარი უფლებები ინტერნეტში.’’
ონლაინ მეკობრეობა, როგორც
სექტორის განვითარების შემაფერხებელი მთავარი პრობლემა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების
პროგრამამ საჯარო და კერძო სექტორების აქტიური ჩართულობით გამოავლინა. 2020 წლიდან,
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან და საქპატენტთან ერთად ხორციელდება
მთელი რიგი ინიციატივები, პოლიტიკის ჩარჩოს გაუმჯობესებისა და ონლაინ სივრცეში ინტელექტუალური
საკუთრების უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაგეგმილი
ინტერვენციები ფოკუსირებულია როგორც ახალი რეგულაციის შემოღებაზე, ასევე, მომხმარებლისთვის
ლეგალური კონტენტის უფრო ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე საქართველოში. ამ მხრივ სიახლეა კინოთეატრების ქსელი „კავეას“ პროექტი
„კავეა პლუსი“. პროექტის ხელმძღვანელის, სალომე კუპრაშვილის განცხადებით: „კავეა პლუსი
პირველი ლეგალური ონლაინ კინოთეატრი იქნება საქართველოში, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვანი
სტუდიისა და ქართული წარმოების ფილმებსა და სერიალებს გააერთიანებს. გავრცელებულია
აზრია, რომ ლეგალური ჩვენებები აუცილებლად ფასიანს ნიშნავს. სინამდვილეში ლიცენზირებული
ფილმებისა და სერიალების მნიშვნელოვანი ნაწილის ყურება “კავეა პლუსზე” მაყურებელს გადასახადის
გარეშე შეეძლება.“
მომდევნო საჯარო-კერძო
დიალოგის ღონისძიებას, კანონპროექტის ბოლო ვერსიისა და „შეტყობინება-აღების”
პროცედურების განსახილველად, USAID-ის პროგრამები და საქპატენტი სექტემბერში
გამართავენ.
__________
USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში:
USAID
არის მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო. საქართველოსთან პარტნიორობის
30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, USAID-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ტრანსფორმაციას განვითარებად
დემოკრატიად, რომელიც სულ უფრო მეტად არის ინტეგრირებული დასავლურ პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა
და ეკონომიკურ ინსტიტუტებთან. დღეს, USAID-ის 35-ზე მეტი პროგრამა აძლიერებს საქართველოს
მდგრადობას მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ, მხარს უჭერს ანგარიშვალდებული მმართველობის
ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციას და უზრუნველყოფს მაღალანაზღაურებადი,
მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნას ეკონომიკური განვითარების ზრდით. დამატებითი
ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის
შესახებ: 5-წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული
პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ.
პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების
ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე
და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ. https://www.facebook.com/EconSecProgram
USAID-ის ეკონომიკური
მმართველობის პროგრამის შესახებ: USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის შესახებ:
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა 5-წლიანი, $19 მილიონიანი პროექტია, რომელსაც
ახორციელებს „დელოიტ კონსალტინგი“. პროგრამის მიზანია საქართველოს ეკონომიკური მმართველობის
გაუჯობესების და ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობა საზოგადოების საჭიროებათა გათვალისწინებით.
https://www.facebook.com/USAIDEconomicGovernanceProgram
