სოსო გიორგაძე აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა
07 თებერვალი 2023 წ.

ორმხრივი შეხვედრის ფორმატში სოსო გიორგაძემ და ქათი ვიდალმა საქართველოსა და აშშ-ს საპატენტო უწყებების თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ინოვაციებისა და გამომგონებლობის ხელშეწყობასა და განვითარებას. აღინიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, ინტელექტუალური საკუთრების კუთხით თანამშრომლობა საქართველოს დაეხმარება არა მხოლოდ საპატენტო საქმიანობის, არამედ გამოგონებებისა და ინოვაციების სფეროს ხელშეწყობაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქალი გამომგონებლების წახალისებასა და მხარდაჭერაზე. შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ წარსულში, ქართველი ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ამერიკული პრაქტიკის გაცნობამ და გამოცდილების გაზიარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქპატენტში საექსპერტო საქმიანობის გაუმჯობესებაზე. ასეთი პრაქტიკის გაგრძელებამ კვლავ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში.
შეერთებული შტატების პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების ოფისი (USPTO) წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის ფედერალურ სააგენტოს, რომელიც უფლებამოსილია პატენტების გაცემასა და სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე. ამავდროულად იგი ხელს უწყობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უფრო ძლიერი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას მთელ მსოფლიოში.
საქპატენტის თავმჯდომარის სოსო გიორგაძის აშშ-ში ვიზიტი 11 თებერვლამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში საპატენტო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს ინტელექტუალური საკუთრების უწყების მიერ ორგანიზებულ ადმინისტრაციულ პროგრამაში, ასევე, ვაშინგტონში გამართავს შეხვედრას აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მთავარ მრჩეველთან სტივ გარდნერთან.

