საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ახალი ერთობლივი პროექტის დაწყება 2024 წლიდან იგეგმება
06 მაისი 2023 წ.
ახალი პროექტის განხორცილებების გზები და სამომავლო
თანამშრომლობის პერსპექტივები ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ
სოსო გიორგაძემ საქპატენტში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების
უწყების (EUIPO) ინსტიტუციური და თანამშრომლობის სამსახურის დირექტორ სანდრის ლაგანოვსკისა
და ამავე უწყების საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის უფროსთან იგნასიო მედრანოსთან ერთად განიხილა.
პროექტი, რომლის დაწყება 2024 წლიდანაა დაგეგმილი, საქართველოსთან
ერთად უკრაინასა და მოლდოვაში განხორციელდება და მიზნად ისახავს ეროვნული ინტელექტუალური
საკუთრების სისტემების განვითარების ხელშეწყობას, კერძოდ კი, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების რეგისტრაციის, ამ უფლებების
დაცვის, მართვისა და
აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების შექმნასა და პრაქტიკაში დანერგვის
ხელშეწყობას.
ინტელექტუალური საკუთრება ფუნდამენტური ინსტრუმენტია
ინოვაციის, შემოქმედებითი საქმიანობისა და თავისუფალი კონკურენციისათვის ხელსაყრელი
გარემოს შესაქმნელად. ამდენად, ინტელექტუალური
საკუთრების მიმართულების უწყებების გაძლიერებით
და დაცვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდით, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს, მოლდოვასა
და უკრაინის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას, რაც ასევე აისახება ამ ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოების პოტენციალის
გაძლიერებასა თუ ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნაზე. ასევე, მიღწეული იქნება
სულ უფრო მეტი თანხვედრა ევროკავშირის წესებთან და სტანდარტებთან. პროექტი განხორციელდება საერთაშორისო და
ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და
ასოცირების შეთანხმების შესაბამისი ვალდებულებების გათვალისწინებით.
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების წარმომადგენლები
საქართველოში 3 დღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ და ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა შეაჯამეს
მიღწეული შედეგები, შეხვედრა გამართეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის
ხელმძღვანელობასა და მოსამართლეებთან, სადაც მათ საჩუქრად გადასცეს ინტელექტუალური
საკუთრების შესახებ ევროპული
სასამართლო გადაწყვეტილებების კრებულის 50
ეგზემპლარი, რომელიც ქართულ ენაზე გამოიცა. გარდა
ამისა, ვიზიტის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის განსახილველად, |შეხვედრა
გაიმართა შემოსავლების სამსახურის და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან.
