ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სტრატეგია
15 სექტემბერი 2016 წ.
15 -16 სექტემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში’’, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ორგანიზებით, გაიმართება რეგიონალური კონფერენცია თემაზე: „ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სტრატეგია“.
კონფერენციაზე განხილულ იქნება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მხარდაჭერით შემუშავებული საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სტრატეგიის პროექტი. იმსჯელებენ შემუშავებული სტრატეგიის ეფექტური განხორციელების მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარებაში.
კონფერენციაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდება უნივერსიტეტებისა და საჯარო კვლევითი ორგანიზაციების მიერ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ეფექტური მართვისა და გამოყენების მნიშვნელობაზე და მთავრობის როლზე საუნივერსიტეტო კვლევების კომერციალიზაციის ხელშეწყობის საქმეში. ასევე, იმსჯელებენ კონკურენტუნარიანი და ინოვაციური საბაზრო პოზიციების შექმნაზე. კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით მიმდინარე მიღწევებსა და პრიორიტეტებს, გაიზიარებენ საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებას.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელები, სტრატეგიის შემუშავებაში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.

