საქპატენტის ინიციატივით ევროპის საპატენტო უწყების აკადემიის უფასო ონლაინ კურსები საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა ყველა დაინტერესებული პირისთვის
27 აპრილი 2026 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტისა“ და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა EPO-ს აკადემიის ონლაინ თვითმართული კურსები, რომლეთა უფასოდ გავლის შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში ინოვაციებითა და საპატენტო სფეროთი დაინტერესებულ პირებს.
30-მდე კურსის ჩამონათვალი მოიცავს საბაზისო, საშუალო და მოწინავე (სპეციალიზაციის) დონის სასწავლო მასალებს და ფარავს საპატენტო სისტემის პრაქტიკულად ყველა ძირითად მიმართულებას – მათ შორის განაცხადის განხილვის პროცედურებს, პატენტუნარიანობის შეფასებას, საპატენტო მონაცემების ანალიზს, სტრატეგიულ მართვასა და საპატენტო დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ამ ეტაპზე, კურსები ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე და აერთიანებს თეორიულ მასალებს, ვიდეოლექციებს, პრაქტიკულ მაგალითებსა და ტესტებს, რაც უზრუნველყოფს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტიან გამოყენებას.
კურსები განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის – სტუდენტებისთვის, იურისტებისთვის, პატენტრწმუნებულებისთვის, გამომგონებლებისთვის, მკვლევრებისთვისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის მოსამართლეებისთვის. კურსების გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერსებულ პირს.
ინიციატივის შედეგად, ამ სპეციფიკურ სფეროში მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად აფართოებს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცოდნის გავრცელებას და ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას საქართველოში, რაც ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
აღნიშნული ინიციატივა განხორცილედა EPO-სა და საქპატენტს შორის 2025–2026 წლების ორმხრივი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში და მიზნად ისახავს ევროპული საპატენტო სისტემის ეფექტიან ინტეგრაციასა და ვალიდაციის პროცესის მხარდაჭერას საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2024 წლის 15 იანვარს. აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ინსტიტუციური და სამართლებრივი დაახლოების მიმართულებით. ვალიდაციის სისტემის ფარგლებში, ევროპულ საპატენტო განაცხადს და საქართველოში ვალიდირებულ ევროპულ პატენტს ენიჭება იგივე იურიდიული ძალა, რაც ეროვნულ განაცხადსა და პატენტს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
კურსების სანახავად გადადით ბმულზე:https://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/294/