სამძიმრის წერილი
11 აპრილი 2021 წ.
მაია ჯინჭარაძე 1963 - 2021
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის ქალბატონი მაია ჯინჭარაძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.
ქალბატონი მაია 27 წლის განმავლობაში მუშაობდა უწყების საფინანსო დეპარტამენტში და დიდ პატივისცემას იმსახურებდა პიროვნული თვისებებისა თუ საქმისადმი პრინციპული და პატიოსანი დამოკიდებულების გამო. იგი გამოირჩეოდა ადამიანების მიმართ კეთილგანწყობით, ყურადღებითა და უსაზღვრო მზრუნველობით, მუდამ გამოხატავდა სითბოსა და თანადგომას კოლეგების მიმართ, საქმიან ურთიერთობებში დაუზარებლად მოქმედებდა, მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობებს და ქმნიდა ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ კომფორტულ სამუშაო გარემოს. ცხოვრებისადმი უშრეტი სიყვარული იგრძნობოდა ქალბატონი მაიას განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში ახალგაზრდების მიმართ, იგი გულწრფელად ხარობდა მათი წარმატებებით და უშურველად უზიარებდა საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქალბატონი მაიას საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობა. იგი წარმოადგენდა „ევროპა დონა საქართველოს“, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციას. თავად 13 წელი ებრძოდა ვერაგ ონკოლოგიურ დაავადებას, რის შემდეგაც აქტიურად იყო ჩართული დაავადებული პაციენტების მდგომარეობის შემსუბუქებისა და შესაბამისი სახსრების მოძიების პროექტებში.
მუდამ ხალისიანი, მომღიმარი და სიკეთით სავსე მაიკო განუზომელი დანაკლისია ოჯახის, ახლობლებისა და საქპატენტისთვის.

