აშშ მთავრობის, აშშ-ს სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და აშშ-ს პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყების( USPTO) დახმარებით, 10-11 ივლისს, საქპატენტის ოფისში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, სადაც განიხილეს აშშ-ს კანონმდებლობა, მიდგომები და პრაქტიკული მაგალითები „ინტერენეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობის შესახებ“.
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მონაცემთა ბაზებში TM View და DS View-ში საქპატენტის სასაქონლო ნიშნების და დიზაინების მონაცემთა ბაზების ინტეგრაცია განხორციელდა. დღეიდან, 7 ივლისიდან (2016 წ.), უცხოელ მომხმარებლებს საშუალება აქვთ საქართველოში რეგისტრირებული ნიშნების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ვებ-გვერდზე მიიღონ. გარდა ამისა, მომხმარებლები შეძლებენ EUIPO-ს მონაცემთა ბაზებში ძიებას ქართული ინტერფეისის გამოყენებით. საქპატენტი ასევე, მიუერთდა TMclass-ის პროგრამას, რომელიც საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის 42 ენაზე ძიების და თარგმნის საშუალებას იძლევა.
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის ბაზებში ქართული მონაცემთა ბაზების ინტეგრაცია იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და EUIPO-ს აღმასრულებელი დირექტორის, ანტონიო კამპინოსის შეხვედრაზე აღინიშნა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA-Georgia)-სა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში (SDSU-Georgia)- ორგანიზებით, 10 ივნისს (2016), სასტუმრო რედისონში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმი ჩატარდა, სადაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები შეხვდნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს და მათთან საგანმანათლებლო და სტაჟირების შესაძლებლობები განიხილეს.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (ისმო), ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის ლისაბონის შეთანხმებისა და ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტის საერთო რეგულაციების მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე აირჩიეს. შეხვედრა, რომელიც 7-9 ივნისს ჟენევაში გაიმართა, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალურმა დირექტორმა ფრენსის გარიმ გახსნა. ნიკოლოზ გოგილიძის კანდიდატურა ჯგუფის თავმჯდომარის პოზიციაზე, საფრანგეთის დელეგაციამ წარადგინა, რომელსაც დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ორგანიზებით, დღეს, 2 ივნისს (2016 წ.), გაიხსნა რეგიონალური სემინარი „ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკა უნივერსიტეტებში“. სემინარზე განიხილავენ საქართველოს უნივერსიტეტებში ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის არსებულ მდგომარეობას, გაეცნობიან ისრაელის გამოცდილებას ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის გამოყენებაზე საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში და WIPO-ს რეკომენდაციებს.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მოწვევით, თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება თურქეთის საპატენტო ინსტიტუტის (TPI) პრეზიდენტი ჰაბიპ ასანი. დღეს, 2 ივნისს ( 2016 წ.), საქპატენტის ოფისში, ხელი მოეწერა მემორანდუმს TPI-ს და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - საქპატენტს შორის, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში. მემორანდუმის ფარგლებში ორი ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყება ითანამშრომლებს ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლების, გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით, შემუშავდება სასწავლო პროგრამები საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრისთვის. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს თურქეთის ინტელექტუალური საკუთრების სამაგისტრო პროგრამაში ქართველი სტუდენტების მონაწილეობის ხელშეწყობას, ერთობლივი კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას და ინტელექტუალური საკუთრების დარგში ახალი საკანონმდებლო აქტების შემუშავების პროცესში კონსულტაციების გამართვას.
სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) ყოველწლიურ შეხვედრაზე საქპატენტი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს შესახებ ინფორმაციას მსოფლიოს 9500-ზე მეტი სხვადასხვა ცნობილი ბრენდის მფლობელი კომპანიების, იურიდიული კომპანიების და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებული უწყებების წარმომადგენლები გაეცნობიან. შეხვედრა, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას მსოფლიოში სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში, 21-25 მაისს (2016 წ.), ორლანდოში (აშშ, ფლორიდა) გაიმართება.
18 მაისს (2016 წ.) საქპატენტში გაიმართა შეხვედრა აშშ-ს მთავრობის დელეგაციასთან რომელსაც ხელმძღვანელობდა აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის გენერალური სამდივნოს ადმინისტრაციის, სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მთავარი მრჩეველი, სტივ გარდნერი. შეხვედრაზე განიხილეს CLDP-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიის ცნობიერების ამაღლებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, კერძოდ, ყოველწლიური ტრენინგები მოსამართლეების, ჟურნალისტებისა და ადვოკატებისთვის. ასევე, CLDP-ის მხარდაჭერით ხორციელდება საქპატენტის ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები, სასწავლო ვიზიტები აშშ-ში და ამერიკელი ექსპერტების ვიზიტები საქართველოში ქართველი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით. შეხვედრაზე განხილულ იქნა CLDP-ის დაფინანსებით, საქართველოში, ივლისში (2016 წ.) დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა ინტერნეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობის თემაზე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) სასაქონლო ნიშნების უწყება , გეოგრაფიულ აღნიშვნაზე „ჭაჭა“ რეგისტრაციის მოწმობას რამდენიმე თვეში გასცემს და მასზე უფლებას ჩინეთის ტერიტორიაზე საქართველო დაიბრუნებს. ინფორმაცია წინასწარი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ ქართულ დელეგაციას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით და საქპატენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, ჩინელმა კოლეგებმა გააცნეს. ოფიციალური შეხვედრა რომელიც 11 მაისს (2016 წ.) პეკინში, ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებაში გაიმართა, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის მიმდინარე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების მე-2 რაუნდის ფარგლებში შედგა.