ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო დღეს, 26 იანვარს (2016წ), საქართველოში აშშ-ს ელჩი, იან კელი. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ, ელჩს გააცნო USAID-ის მიერ დაფინანსებული ელექტრონული ფაილინგის და ელექტრონული მმართველობის სისტემის დანერგვის მიმდინარე პროექტი, ასევე G-PriED-ის ხელშეწყობით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური საკუთრების თემაზე შექმნილი სახელმძღვანელოების პროექტის მიმდინარეობა. საქპატენტში გამართულ შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს, კერძოდ აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერაზე საქპატენტის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის პროექტის მხარდაჭერას, ექსპერტიზის სრულყოფას, საინოვაციო საქმიანობის და ბრენდინგის სისტემის განვითარების ხელშეწყობას. ასევე, 2016 წელს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით დაგეგმილი ღონისძიებების მხარდაჭერას. შეხვედრას ესწრებოდნენ USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი დაგლას ბოლი, აშშ-ს საელჩოს ეკონომიკური ოფიცერი ჩარლზ სეტენი და USAID-ის ეკონმიკური ზრდის ოფისის ფინანსური და კომერციული სექტორის მრჩეველი რევაზ ორმოცაძე.
საქართველოს და ბულგარეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს შორის სამუშაო გეგმის ხელმოსაწერად, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ბულგარეთის საპატენტო უწყების დელეგაცია, ვიცე პრეზიდენტის, დავიდ სუკალინსკის ხელმძღვანელობით.
ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პირველი კურსი დაიწყო საქპატენტის ბაზაზე შექმნილ ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრში. პირველი ვინც აღნიშნული ცენტრის სერთიფიკატებს მიიღებენ არიან თბილისის მერიის „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის“ და სსიპ იურიდიული დახმარების სამასახურის ადვოკატები. კურსის მიზანია პრაქტიკოსი იურისტებისთვის ცოდნის გაღრმავება ინტელექტუალური საკუთრების სამართალში და მიმდინარეობს აღნიშნულ უწყებებსა და ინტეკექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. ლექციები მოიცავს 26 საათს, ტარდება კვირაში 2-ჯერ 2 საათის ხანგრძლიობით და მას უძღვებიან საქპატენტის ხელმძღვანელი პირები. ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA)“ აღებული ვალდებულებას.
საქართველოში საქპატენტის მოწვევით იმყოფება სტივენ ლი, აშშ-ს პატენტრწმუნებული, რომელიც “U.S. News” –მა 2015 წელს ნიუ იორკის საუკეთესო პატენტრწმუნებულად დაასახელა. ვიზიტის ფარგლებში დღეს, 15 იანვარს (2016წ.), ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ოფისში საქართველოს პატენტრწმუნებულებისთვის, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის, საქპატენტის იურისტებისა და ექსპერტებისთვის სტივენ ლი მართავს ლექციას თემაზე: „აშშ-ს საპატენტო დავები ფარმაცევტულ სფეროში ინტელექტუალური საკუთრების კუთხით“. სტივენ ლი ბოლო 30 წლის განმავლობაში მოღვაწეობს იურიდიულ ფირმაში „Kenyon & Kenyon“, რომელიც სპეციალიზირებულია ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მოწვევით, 12 იანვარს (2016წ.) საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია ესტონეთის ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიური გადაცემის ცენტრის დირექტორი მარიუს კუნინგასი, რომელიც მონაწილეობას იღებს სამუშაო შეხვედრაში თემაზე “ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაცია და ტექნოლოგიების გადაცემა“.