ბოლნისის ადგილობრივი მეწარმეებისთვის გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ტრენინგი მიმდინარეობს
თამარისის საადრეო მარწყვი, კაჩაგანის საადრეო ატამი და ბალი, მარნეულის საადრეო კარტოფილი და პომიდორი, წალკის საგვიანო კარტოფილი, დმანისის ხორბალი და წიწაკა იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში პოტენციურ გეოგრაფიულ აღნიშვნებად იქნა იდენტიფიცირებული. აღნიშნულის გათვალისწინებით „ბოლნისის აგროცენტრის“ თანამშრომლებისთვის და ადგილობრივი მეწარმეებისთვის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ორგანიზებით, ბოლნისში, გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ ტრენინგი მიმდინარეობს.
შავი ზღვის რეგიონის გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ბათუმში კონფერენცია გაიმართა
გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით არსებული სიტუაცია განიხილეს ბათუმში, 3 ივნისს გამართულ შეკრებაზე. „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის“ (IBDIPC) ორგანიზებით გამართული კონფერენციის თემატიკა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის არსი, მნიშვნელობა, ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტები, მათი რეგისტრაციისა და დაცვის მიმართულებით არსებული სიტუაცია, საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმები და ევროპული გამოცდილება ამ სფეროში.
საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს
ევროპული საპატენტო განაცხადის წარდგენა და მისი საქართველოში ვალიდაციის მოთხოვნა არის საქართველოში გამოგონებაზე პატენტის მიღების მესამე, უფრო სწრაფი და იაფი გზა, რომლის დანერგვაზე მუშაობს საქპატენტი. საერთაშორისო განმცხადებლების ამ გზით მოზიდვის და საპატენტო დაცვის ევროპული სტანდარტით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის 2019 წელს გაფორმდა ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება. შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭიროა საქართველოს საპატენტო კანონში ევროპის საპატენტო კონვენციასთან (EPC), საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან (PLT) და ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, საქპატენტმა შესაბამისი ცვლილებებით კანონპროექტი უკვე მოამზადა და საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.

პარლამენტი საქართველოს საპატენტო კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს
საქართველოს ტერიტორიაზე გამოგონებაზე პატენტის მიღების მესამე, უფრო სწრაფი და იაფი გზა ჩნდება - ევროპული პატენტის საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაცია, რითაც ქვეყანა საერთაშორისო განმცხადებლებს მოიზიდავს. საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის 2019 წელს გაფორმებული ევროპული პატენტების ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი პირობა საქართველოს კანონმდებლობაში ვალიდაციის შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების ასახვა და მისი ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან დაახლოებაა, რაც გულისხმობს საქართველოს საპატენტო კანონის ევროპის საპატენტო კონვენციასთან (EPC) და საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან (PLT) შესაბამისობაში მოყვანას. საქპატენტმა შესაბამისი ცვლილებებით კანონპროექტი უკვე მოამზადა და საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.
საქპატენტმა ევროპისა და ქუთაისის უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისთვის სპეციალური ტრენინგი ჩაატარა
პატენტი, გამოგონება, სასარგებლო მოდელი, საავტორო და მომიჯნავე უფლებები, მათი წარმოშობა, დაცვა და გამოყენების გზები - იმ თემების ჩამონათვალია, რომელსაც გაეცნენ ევროპისა და ქუთაისის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, საქპატენტის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე. სასწავლო აქტივობაში, რომელსაც უძღვებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ტუტორები, მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტების სამართლის, ბიზნესის და მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა.
„SPICI“-ის დელეგაციას საქპატენტში უმასპინძლეს
საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის და მისი მონაწილე უწყებების გაცნობის მიზნით, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან ინოვაციების, სამეცნიერო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობი ციფრული აკადემია „SPICI“-ის დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში, ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის ტექნოპარკის ბაზაზე მოქმედი, საერთაშორისო აქსელერაციისა და მეწარმეობის ცენტრი „SPICI“ საქპატენტის სათავო ოფისს ეწვია, ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით საქპატენტის მიერ განხორციელებული აქტივობების გასაცნობად.

„ოყურეშის უსახელოური“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსს იძენს
საქართველოში რეგისტრირებულ ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრს მალე „ოყურეშის უსახელოური“ დაემატება. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში - "საქპატენტი" ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის პროცედურა ბოლო ეტაპზეა.

„ინტელექტუალური საკუთრება, როგორც ღირებული კომერციული აქტივი“ - EUIPO-ს აკადემიის პორტალზე ქართულენოვანი ონლაინ კურსი განთავსდა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) თანამშრომლობით, EUIPO-ს აკადემიის ელექტრონული სწავლების პორტალზე, პირველად განთავსდა არაევროკავშირის წევრი ქვეყნის ენაზე შემუშავებული ქართულენოვანი კურსი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში შემუშავდა და ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის.
საქპატენტი ინტელექტუალური საკუთრების წინასწარი დიაგნოსტიკის მომსახურების დანერგვაზე მუშაობს
ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაცია და მართვა, კომპანიების არამატერიალური აქტივების იდენტიფიცირება, გამოწვევები და დაძლევის გზები არის, საქპატენტში მიმდინარე 2 დღიანი ტრენინგის მთავარი თემები, რომლებსაც უწყების თანამშრომლებს აცნობს ინტელექტუალური საკუთრების უცხოელი ექსპერტი ელისონ ორი. საქართველოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში მიმდინარე ღონისძიება მიზნად ისახავს, საქპატენტის თანამშრომლების გადამზადება წინასწარი დიაგნოსტიკის მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად.

ინტელექტუალური საკუთრების თემაზე შექმნილი ინფოგრაფიკების კონკურსში გამარჯვება გორის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს
კონკურსი სახელწოდებით „იყავი ინოვაციური, უკეთესი მომავლისთვის!“ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომელიც ყველაზე უკეთ გორის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდმა დააკმაყოფილა, იყო შემდეგი: ინფოგრაფიკაზე დასატანი შინაარსობრივი მხარე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის თემატიკასთან ყოფილიყო შემხებლობაში. გამარჯვებულის გამოვლენის და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 27 აპრილს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.
