
ხელოვნური ინტელექტის საძიებო სისტემა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ წარმატებით დაინერგა სასაქონლო ნიშნების გამოსახულებითი ელემენტების საძიებო სისტემა - Trademark Vision. ამიერიდან, საქპატენტის ექსპერტები, ისევე როგორც განმცხადებლები, საქპატენტის ვებგვერდის მეშვეობით, შეძლებენ ხელოვნური ინტელექტის, გამოსახულებითი ძიების სისტემის გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ექსპერტიზის ხარისხის გაუმჯობესებას. საქპატენტი შეუერთდა ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ავსტრალიის და ჩილეს ინტელექტუალური საკუთრების უწყებების სიას, რომლებიც იყენებენ Trademark Vision-ის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას.

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტების, რეგისტრაციისა და დეპონირების საფასურებში შეტანილი ცვლილებების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის N328 დადგენილების შესაბამისად, ცვლილებები განხორციელდა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტების, რეგისტრაციისა და დეპონირების საფასურებში. დადგენილების მიღების საფუძველია საქართველოს საპატენტო კანონში 2017 წელს შეტანილი ცვლილებები, რომლითაც დაცვის დამატებითი მოწმობის გასაცემად საქმის წარმოებისათვის, დაცვის დამატებითი მოწმობის რეგისტრაციისათვის, გამოქვეყნებისათვის, ყოველწლიურად დაცვის დამატებითი მოწმობის ძალის შენარჩუნებისათვის განისაზღვრა შესაბამისი საფასურების გადახდა.

საქპატენტი და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (ისმო), IP აკადემიის ფარგლებში, ატარებს რიგით მეხუთე ბოლო ტრენინგს თემაზე - ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებები“.
4 - 8 ივნისს (2018), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (ისმო) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტი“ ორგანიზებით, საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერებისთვის ტარდება ბოლო, რიგით მეხუთე ტრენინგი თემაზე: „საავტორო და მომიჯნავე უფლებები“.
ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები შვეიცარიის კონფედერაციაში დაცულია
დღეს, 31 მაისს (2018წ), ქალაქ ბერნში გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახლებებისა და წარმოშობის წყაროს აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში.
სამუშაო შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან
დღეს, 17 მაისს (2018წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი მართავს სამუშაო შეხვედრას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილება ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტი, ბრენდინგის სტრატეგია, მისი ეკონომიკური მნიშვნელობა და დაცვის მექანიზმები. ამასთან, პროექტის ფარგლებში საქპატენტის წარმომადგენლები დაინტერესებულ კომპანიებთან გამართავენ ინდივიდუალურ შეხვედრებს, შეაფასებენ კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების აქტივებს და დაეხმარებიან მათ IP პორტფელის შემუშავებაში.

სამუშაო შეხვედრა EUIPO-ს სააპელაციო პალატის წარმომადგენლებთან
დღეს, 15 მაისს (2018 წ.), ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ორგანიზებით, იმართება სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით „ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სააპელაციო პალატის (BoA) საქმიანობის და პრაქტიკის მიმოხილვა“. შეხვედრას, რომლის მიზანია დაინტერესებული პირებისათვის EUIPO-ს სააპელაციო პალატის პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, გაუძღვებიან ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო პალატის პრეზიდენტი ტეოფილოს მარგელოსი, მე-2 პალატის თავმჯდომარე სვენ შტურმანი და მე-5 პალატის თავმჯდომარე გორდონ ჰამბრი.

ბრენდინგის სტრატეგია - შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან
2018 წლის 17 მაისს, სასტუმრო ,,რუმს“-ში დაგეგმილია შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტი, ბრენდინგის სტრატეგია, მისი ეკონომიკური მნიშვნელობა და დაცვის მექანიზმები.

სემინარი სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო განაცხადების ელექტრონული სისტემის შესახებ
2018 წლის 2-3 მაისს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ მცხეთის ოფისში, საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინების დეპარტამენტის ექსპერტებისათვის ჩატარდა ორდღიანი პრაქტიკული სემინარი თემაზე - „საერთაშორისო განაცხადების ელექტრონული სისტემა“.

26 აპრილი - ,,ცვლილებების მამოძრავებელი ძალა: ქალები ინოვაციისა და შემოქმედების სფეროში“.
დღეს ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღეა, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გადაწყვეტილებით, 2018 წლის 26 აპრილის სლოგანად დასახელდა: ,,ცვლილებების მამოძრავებელი ძალა: ქალები ინოვაციისა და შემოქმედების სფეროში“. წელს, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღის კამპანიის ფარგლებში ხდება ქალების ბრწყინვალე გონების, გამომგონებლობის, ცნობისმოყვარეობისა და გამბედაობის ჯეროვანი აღიარება, რომელთა წყალობითაც მსოფლიოში შემოდის ცვლილებები და ყალიბდება ჩვენი საერთო მომავალი. მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ იმ გზებზე, თუ როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მთელი მსოფლიოდან უფრო მეტი ქალისა და გოგონას ჩაბმა საინოვაციო და შემოქმედებით საქმინობაში.

განცხადება
გაცნობებთ, რომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტის“ ორგანიზებით 2018 წლის 15 მაისს, თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება სამუშაო შეხვედრა: „ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო პალატის (BoA) საქმიანობის და პრაქტიკის მიმოხილვა“.

