ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-10 საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეებს დღეს, 22 აპრილს, საქპატენტმა უმასპინძლა, სადაც საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ და გამოგონებებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა მერაბ კუციამ ინტელექტუალური საკუთრებისა და საპატენტო სისტემის შესახებ პრეზენტაციები გამართეს. შეხვედრას 25 ქვეყნის წარმომადგენელი კონკურსანტი დაესწრო. ისინი გაეცნენ საქპატენტის მუშაობის სპეციფიკასა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მიმდინარე პროცესებს. მიღებული ინფორმაცია ოლიმპიადის მონაწილეებს დაეხმარება შემდგომი კვლევების ეფექტურად წარმართვასა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შექმნაში.
საქპატენტის ბაზაზე შექმნილ ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრში ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პირველი კურსი დასრულდა. აღნიშნული ცენტრის სერთიფიკატები დღეს, 18 მარტს (2016 წ.) საქპატენტის სათაო ოფისში პირველად გადაეცემა თბილისის მერიის „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის“ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს. სასწავლო ცენტრში გავლილი კურსი პრაქტიკოს იურისტებს დაეხმარება ინტელექტუალური საკუთრების სამართალში ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების მიღებაში, რის საფუძველზეც გადამზადებული ადვოკატები კვალიფიციურ კონსულტაციებს გაუწევენ მოქალაქეებს.
ექვს ქართულ ადგილწარმოშობის დასახელებაზე რუსეთის ფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ სამსახურში სარეგისტრაციო პროცედურა დასრულდა. ხვანჭკარას, ტვიშის, ახაშენის, წინანდალის, მუკუზანის და ქინძმარაულის დასახელებაზე განსაკუთრებული უფლება, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ მიენიჭა.
საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ მოლდოვას ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სააგენტოს (AGEPI)- გენერალური დირექტორი ოქტავიან აპოსტოლი და მისი მოადგილე სვეტლანა მუნტენუ. 21 მარტს (2016 წ.) ორმხრივი შეხვედრა შედგა უწყებების ხელმძღვანელ პირებს შორის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში -საქპატენტში. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ინტელექტუალური საკუთრების სისტემები და გამოწვევები საქართველოსა და მოლდოვაში, ისაუბრეს ერთობლივი თანამშრომლობის გეგმებზე, რათა უკეთესად შეასრულონ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ ორგანიზებით, ადვოკატებისა და პატენტრწმუნებულებისათვის მრგვალი მაგიდა გაიმართა. დღეს, 1 მარტს (2016წ.), საქპატენტის თბილისის ოფისში ადვოკატებსა და პატენტრწმუნებულებს გააცნეს საქპატენტის ახალი მიდგომები სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის საკითხების შესახებ. საქპატენტის სააპელაციო პალატაში გასულ წელს სასაქონლო ნიშნებზე შემოსული საჩივრების 20%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც განაპირობა საქპატენტში ექსპერტიზის ხარისხის ამაღლებამ და ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვამ.
19 თებერვალს, საქპატენტის თბილისის ოფისში პატენტრწმუნებულებთან შეხვედრა გაიმართა. საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ, მოწვეულ სტუმრებს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა, სადაც საქპატენტის აქტიური და ქმედითი საქმიანობის შედეგად წინსვლა დაფიქსირდა.
18 თებერვალს საქპატენტს საფრანგეთის რესპუბლიკის სენატორი პასკალ ალიზარი, სენატის ევროპული კომიტეტის მრჩეველი ფაბრის ჰიუგო და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“(DCFTA) მნიშვნელობაზე და მის როლზე ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გასავითარებლად საქართველოში.
2016 წლის 12 თებერვალს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ ფინალური ტური გაიმართა, სადაც კონკურსში გამარჯვებული გუნდები გამოავლინეს. პირველ ადგილზე გასული გუნდი "სოლარი" პროექტით -"მზის პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია", 20-24 აპრილს, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებულ ინოვაციების სამიტში, რომელიც NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში, ფლორიდაში გაიმართება.
ტექნოლოგიურ პარკში საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ, საჯარო ლექცია გამართა თემაზე - „იდეიდან ინტელექტუალურ საკუთრებამდე“.
„ციფრული შემოქმედება: ტრანსფორმირებული კულტურა“ ამ სლოგანით აღინიშნება წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის წლევანდელ თემასთან დაკავშირებით იწყებს კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ბრძოლა მეკობრეობისა და საავტორო უფლებების დარღვევების წინააღმდეგ ციფრულ სივრცეში. კამპანიის ფარგლებში საქპატენტი დღეს, 27 იანვარს (2016 წ.), მაიქროსოფთ საქართველოსთან ერთად მართავს სამუშაო შეხვედრას ლიცენზირებული კომპიუტერული პროდუქტების ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე. პირველ სამუშაო შეხვედრას აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან, რომელთაც ლიცენზირებული პროდუქტის უპირატესობებს, საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებას კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით და ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად მიღებულ ზომებს, საქართველოში კომპიუტერული პროგრამების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს გააცნობენ.