18 მაისს (2016 წ.) საქპატენტში გაიმართა შეხვედრა აშშ-ს მთავრობის დელეგაციასთან რომელსაც ხელმძღვანელობდა აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის გენერალური სამდივნოს ადმინისტრაციის, სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მთავარი მრჩეველი, სტივ გარდნერი. შეხვედრაზე განიხილეს CLDP-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიის ცნობიერების ამაღლებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, კერძოდ, ყოველწლიური ტრენინგები მოსამართლეების, ჟურნალისტებისა და ადვოკატებისთვის. ასევე, CLDP-ის მხარდაჭერით ხორციელდება საქპატენტის ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები, სასწავლო ვიზიტები აშშ-ში და ამერიკელი ექსპერტების ვიზიტები საქართველოში ქართველი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით. შეხვედრაზე განხილულ იქნა CLDP-ის დაფინანსებით, საქართველოში, ივლისში (2016 წ.) დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა ინტერნეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობის თემაზე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) სასაქონლო ნიშნების უწყება , გეოგრაფიულ აღნიშვნაზე „ჭაჭა“ რეგისტრაციის მოწმობას რამდენიმე თვეში გასცემს და მასზე უფლებას ჩინეთის ტერიტორიაზე საქართველო დაიბრუნებს. ინფორმაცია წინასწარი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ ქართულ დელეგაციას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით და საქპატენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, ჩინელმა კოლეგებმა გააცნეს. ოფიციალური შეხვედრა რომელიც 11 მაისს (2016 წ.) პეკინში, ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებაში გაიმართა, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის მიმდინარე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების მე-2 რაუნდის ფარგლებში შედგა.
100-მდე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღესთან - 26 აპრილთან დაკავშირებით, სპეციალური გაკვეთილები უტარდებათ, რომლის მიზანია ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების არსისა და მნიშვნელობის გაცნობიერება. საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტთან (USAID/G-Pried) თანამშრომლობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, IV-VI კლასებისათვის სპეციალური გაკვეთილის გეგმა შემუშავდა. საჯარო სკოლებს დაეგზავნათ რეკომენდაცია აღნიშნული გაკვეთილის ჩატარებაზე, რომელშიც სასწავლო მასალად გამოყენებულია G-Pried-ისა და საქპატენტის თანამშრომლობით შექმნილი საკითხავი წიგნი „დორემიუს სოლასი“ (ავტორი: ირმა მალაციძე), ზღაპარი საავტორო უფლებების შესახებ, ასევე, მოსწავლეებისთვის განკუთვნილ გაზეთში „კითხვის დრო“ გამოქვეყნებული სტატია გამოგონებების შესახებ - „უცნაური პატენტები“.
თელავის სახელმწიფო უნივერსტეტის და ყვარლისა და გურჯაანის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა კონფერენცია, რომლის მიზანი იყო საავტორო უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ამ სფეროში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა. 24 აპრილს (2016 წ.), ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, ახალგაზრდები გაეცნენ ინტელექტუალური საკუთრების ზოგად მიმოხილვას, საავტორო და მომიჯნავე უფლებების საკანონმდებლო რეგულირებას, ასევე, საავტორო უფლებებს საგამომცემლო საქმიანობაში.
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-10 საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეებს დღეს, 22 აპრილს, საქპატენტმა უმასპინძლა, სადაც საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ და გამოგონებებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა მერაბ კუციამ ინტელექტუალური საკუთრებისა და საპატენტო სისტემის შესახებ პრეზენტაციები გამართეს. შეხვედრას 25 ქვეყნის წარმომადგენელი კონკურსანტი დაესწრო. ისინი გაეცნენ საქპატენტის მუშაობის სპეციფიკასა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მიმდინარე პროცესებს. მიღებული ინფორმაცია ოლიმპიადის მონაწილეებს დაეხმარება შემდგომი კვლევების ეფექტურად წარმართვასა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შექმნაში.
საქპატენტის ბაზაზე შექმნილ ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრში ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პირველი კურსი დასრულდა. აღნიშნული ცენტრის სერთიფიკატები დღეს, 18 მარტს (2016 წ.) საქპატენტის სათაო ოფისში პირველად გადაეცემა თბილისის მერიის „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის“ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს. სასწავლო ცენტრში გავლილი კურსი პრაქტიკოს იურისტებს დაეხმარება ინტელექტუალური საკუთრების სამართალში ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების მიღებაში, რის საფუძველზეც გადამზადებული ადვოკატები კვალიფიციურ კონსულტაციებს გაუწევენ მოქალაქეებს.
ექვს ქართულ ადგილწარმოშობის დასახელებაზე რუსეთის ფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ სამსახურში სარეგისტრაციო პროცედურა დასრულდა. ხვანჭკარას, ტვიშის, ახაშენის, წინანდალის, მუკუზანის და ქინძმარაულის დასახელებაზე განსაკუთრებული უფლება, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ მიენიჭა.
საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ მოლდოვას ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სააგენტოს (AGEPI)- გენერალური დირექტორი ოქტავიან აპოსტოლი და მისი მოადგილე სვეტლანა მუნტენუ. 21 მარტს (2016 წ.) ორმხრივი შეხვედრა შედგა უწყებების ხელმძღვანელ პირებს შორის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში -საქპატენტში. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ინტელექტუალური საკუთრების სისტემები და გამოწვევები საქართველოსა და მოლდოვაში, ისაუბრეს ერთობლივი თანამშრომლობის გეგმებზე, რათა უკეთესად შეასრულონ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ ორგანიზებით, ადვოკატებისა და პატენტრწმუნებულებისათვის მრგვალი მაგიდა გაიმართა. დღეს, 1 მარტს (2016წ.), საქპატენტის თბილისის ოფისში ადვოკატებსა და პატენტრწმუნებულებს გააცნეს საქპატენტის ახალი მიდგომები სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის საკითხების შესახებ. საქპატენტის სააპელაციო პალატაში გასულ წელს სასაქონლო ნიშნებზე შემოსული საჩივრების 20%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც განაპირობა საქპატენტში ექსპერტიზის ხარისხის ამაღლებამ და ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვამ.
19 თებერვალს, საქპატენტის თბილისის ოფისში პატენტრწმუნებულებთან შეხვედრა გაიმართა. საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ, მოწვეულ სტუმრებს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა, სადაც საქპატენტის აქტიური და ქმედითი საქმიანობის შედეგად წინსვლა დაფიქსირდა.