25 ივლისს (2016 წ.) გაიხსნა „ინტელექტუალური საკუთრების სამართლის“ საზაფხულო სკოლა, რომლის ორგანიზატორია ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ELSA საქართველო. წელს საქართველო 15 ევროპული ქვეყნის 35 სტუდენტს მასპინძლობს, რომელთაც ერთი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ ლექციები ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტებზე. სტუდენტები ეწვევიან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და საქპატენტს. საზაფხულო სკოლაში ლექციებს წაიკითხავენ ინტელეატუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის, პატენტრწმუნებულთა ასოციაციის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები. ასევე, მოწვეულია მომხსენებელი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიდან.
დღეს, 14 ივლისს (2016 წ.) ქართველი მოსამართლეების მონაწილეობით ქობულეთში სამუშაო შეხვედრა დაიწყო თემაზე: "სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა ინტელექტუალური საკუთრების საქმეებთან დაკავშირებით", რომელიც ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), აშშ-ის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყების, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ორგანიზებით იმართება.
აშშ მთავრობის, აშშ-ს სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და აშშ-ს პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყების( USPTO) დახმარებით, 10-11 ივლისს, საქპატენტის ოფისში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, სადაც განიხილეს აშშ-ს კანონმდებლობა, მიდგომები და პრაქტიკული მაგალითები „ინტერენეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობის შესახებ“.
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მონაცემთა ბაზებში TM View და DS View-ში საქპატენტის სასაქონლო ნიშნების და დიზაინების მონაცემთა ბაზების ინტეგრაცია განხორციელდა. დღეიდან, 7 ივლისიდან (2016 წ.), უცხოელ მომხმარებლებს საშუალება აქვთ საქართველოში რეგისტრირებული ნიშნების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ვებ-გვერდზე მიიღონ. გარდა ამისა, მომხმარებლები შეძლებენ EUIPO-ს მონაცემთა ბაზებში ძიებას ქართული ინტერფეისის გამოყენებით. საქპატენტი ასევე, მიუერთდა TMclass-ის პროგრამას, რომელიც საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის 42 ენაზე ძიების და თარგმნის საშუალებას იძლევა.
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის ბაზებში ქართული მონაცემთა ბაზების ინტეგრაცია იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და EUIPO-ს აღმასრულებელი დირექტორის, ანტონიო კამპინოსის შეხვედრაზე აღინიშნა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA-Georgia)-სა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში (SDSU-Georgia)- ორგანიზებით, 10 ივნისს (2016), სასტუმრო რედისონში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმი ჩატარდა, სადაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები შეხვდნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს და მათთან საგანმანათლებლო და სტაჟირების შესაძლებლობები განიხილეს.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (ისმო), ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის ლისაბონის შეთანხმებისა და ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტის საერთო რეგულაციების მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე აირჩიეს. შეხვედრა, რომელიც 7-9 ივნისს ჟენევაში გაიმართა, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალურმა დირექტორმა ფრენსის გარიმ გახსნა. ნიკოლოზ გოგილიძის კანდიდატურა ჯგუფის თავმჯდომარის პოზიციაზე, საფრანგეთის დელეგაციამ წარადგინა, რომელსაც დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მოწვევით, თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება თურქეთის საპატენტო ინსტიტუტის (TPI) პრეზიდენტი ჰაბიპ ასანი. დღეს, 2 ივნისს ( 2016 წ.), საქპატენტის ოფისში, ხელი მოეწერა მემორანდუმს TPI-ს და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - საქპატენტს შორის, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში. მემორანდუმის ფარგლებში ორი ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყება ითანამშრომლებს ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლების, გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით, შემუშავდება სასწავლო პროგრამები საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრისთვის. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს თურქეთის ინტელექტუალური საკუთრების სამაგისტრო პროგრამაში ქართველი სტუდენტების მონაწილეობის ხელშეწყობას, ერთობლივი კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას და ინტელექტუალური საკუთრების დარგში ახალი საკანონმდებლო აქტების შემუშავების პროცესში კონსულტაციების გამართვას.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ორგანიზებით, დღეს, 2 ივნისს (2016 წ.), გაიხსნა რეგიონალური სემინარი „ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკა უნივერსიტეტებში“. სემინარზე განიხილავენ საქართველოს უნივერსიტეტებში ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის არსებულ მდგომარეობას, გაეცნობიან ისრაელის გამოცდილებას ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის გამოყენებაზე საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში და WIPO-ს რეკომენდაციებს.
სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) ყოველწლიურ შეხვედრაზე საქპატენტი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს შესახებ ინფორმაციას მსოფლიოს 9500-ზე მეტი სხვადასხვა ცნობილი ბრენდის მფლობელი კომპანიების, იურიდიული კომპანიების და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებული უწყებების წარმომადგენლები გაეცნობიან. შეხვედრა, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას მსოფლიოში სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში, 21-25 მაისს (2016 წ.), ორლანდოში (აშშ, ფლორიდა) გაიმართება.